ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია “მაესტროში” მისვლას და თანამშრომლებთან შეხვედრას დღეს გეგმავს. ამის შესახებ გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გაჩეჩილაძემ “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირების შესახებ შესაბამისი შეტყობინების მეშვეობით დღეს გაიგო. ადვოკატი განმარტავს, რომ საჯარო რეესტრმა დირექტორად გაჩეჩილაძის დარეგისტრირების გადაწყვეტილება 1 მარტს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუველზე მიიღო.
ადვოკატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ძალაში შევიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლითაც გადაბაძეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე.
“იქიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის საბოლოო და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, აზრი არ ჰქონდა 30-დღიანი ვადის დალოდებას და რეესტრმა ეს გაითვალისწინა. გადაბაძე ითხოვდა, გამოყენებული ყოფილიყო სარჩელის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობდა, რომ უნდა მომხდარიყო პარტნიორთა კრების ოქმის შეჩერება ან რეესტრს უნდა აეკრძალა გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირება, ვიდრე არ მოხდებოდა გადაბაძის სარჩელზე სასამართლოს საბოლოოს გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ნანუკა ჭკუასელმა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორად დაარეგისტრირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად საჯარო რეესტრი ავრცელებს.