საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭრდებათ, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ წინადადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადდა და ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
წინადადება ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს წარუდგინა. აღნიშნულმა ორმა უწყებამ უნდა მოახდინოს საბოლოოდ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება.
სავიზო რეგულაციების შესახებ დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამოქმედდება მაშინვე, როცა ის ძალაში შევა. “საქართველომ მიაღწია ყველა იმ ნიშნულს, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში იყო აღნიშნული და რომელიც საქართველოს მთავრობას 2013 წლის თებერვალში წარედგინა. საქართველო ასრულებს არსებულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ საკუთარ მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის ვიზა არ დასჭირდეთ”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
იქვე ნახსენებია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შემუშავებულ რეგულაციაში არ მონაწილეობს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია და რეგულაცია ამოქმედდება ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ ეს რეგულაცია დამტკიცების შემდეგ ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს. “რეგულაცია არის ევროკავშირის საერთო სავიზო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 180-დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენას გულისხმობს”, – წერია დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის ოფიციალური ჟურანლის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.