თამარ სანიკიძე – მასწავლებელთა გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ უკეთესი მოლოდინი არ იყო

95

მინისტრი  თამარ სანიკიძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა  იმის შესახებ, რომ შედეგების მიხედვით, მასწავლებელთა 85 %-მა პროფესიული გამოცდები ვერ ჩააბარა.

“შედეგები ნამდვილად არ არის სახარბიელო, მაგრამ უკეთესი მოლოდინი არ იყო, გამომდინარე იქედან, რომ წინა წლებიდან მოყოლებული არსებობს პრობლემა. სახელმწიფომ სისტემა თავიდან ბოლომდე შეცვალა. შეიქმნა სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა მასწავლებელს თანაბრად ექნება საშუალება, საჭიროებებზე მორგებული გადამზადება გაიაროს. ეს სისტემა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პირველად 2016 წლის ზამთარში ჩატარდა ტესტირება. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ტესტის ჩაბარების უფლება მასწავლებელს აქვს კიდევ სამი წლის განმავლობაში და წელიწადში ორჯერ გადამზადების კვალდაკვალ ისინი შეძლებენ, ჩააბარონ ტესტი”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, დაწვრილებით იქნა გავლილი გამოცდების შედეგები და საკმაოდ ბევრია იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებსაც დააკლდათ ნახევარი ან ერთი ქულა. მინისტრის თქმით, “ისინი პოტენციურად შემდეგ გამოცდებზე ჩაბარების კანდიდატები არიან”.

“შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ, მით უმეტეს, რომ სახელმწიფომ უკვე მოძებნა გამოსავალი, გაუკეთა ორგანიზება და კოორდინირება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ დონორის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს და ვიცით, რომ მილენიუმის კომპაქტის ერთ-ერთი კომპონენტი – 16 მლნ მიმართულია სწორედ მასწავლებელთა განათლების ხელშეწყობაზე, ასევე დაგეგმილია ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს და ჩვენ ვიცით, რომ სიახლის შემდეგ შედეგები მეორე დღეს არ დგება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ მასწავლებელების მხარდაჭერას, რომ მათ სამი წლის განმავლობაში უპასუხონ გამოწვევებს და მოთხოვნებს, რომლებიც სახელმწიფომ დაუსახა”, – განმარტა თამარ სანიკიძემ.

მინისტრის თქმით, სწორია სტატისტიკა, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე არსებობს.

“მასწავლებლები სხვადასხვა მიმართულებით გადიან სხვადასხვა შედეგებს. მაგალითისთვის გეტყვით საკლასო დაკვირვების შესახებ, სადაც პედაგოგებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ. ეს რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული, რამდენად შეუძლია მასწავლებელს დაადასტუროს თავისი ცოდნა იმ ფორმატით, რასაც ტესტით ვთავაზობთ, რამდენად მორგებულია და ადაპტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ა.შ. ეს პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ ბევრი წლის წინ დაიწყო, მხოლოდ შარშანწინ მოხდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად იმ სისტემის შეთავაზება, რომლითაც უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა. ეს რომ ხუთი წლის წინ დაწყებულიყო, სხვა შედეგი გვექნებოდა. შედეგები გარკვეულ პერიოდში გვექნება და არც თუ ისე შორს”, – აღნიშნა მინისტრმა.