პუტინი საქართველოში ჯორჯ ბუშის თვალწინ შევიდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გამოცემა “ატლანტიკთან” ინტერვიუში მისი წინამორბედის პრეზიდენტობის შეფასებისას განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერმა ჯორჯ ბუშის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ ერაყში ამერიკული ჯარების განთავსების დროს არავინ ფიქრობდა, რომ ეს ბუშის რაციონალური გადაწყვეტილება იყო.
როგორც “ატლანტიკის” ჟურნალისტი წერს, ობამას კრიტიკოსების აზრით, რუსეთის მიერ 2014 წლის დასაწყისში ყირიმში შეჭრა და პუტინის გადაწყვეტილება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ, იმის დამადასტურებელია, რომ ამერიკის აღარ ეშინიათ.
ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ობამამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ჩემი აზრით, არ არსებობდა ვინმე, რომელიც იფიქრებდა, რომ ჯორჯ ბუში რაციონალურად ან წინდახედულად იქცეოდა, როდესაც სამხედრო ძალას იყენებდა. როგორც მახსოვს, ბუშის თვალწინ პუტინი საქართველოში შევიდა, ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენ ერყაში 100 000 სამხედრო გვყავდა განთავსებული”, – განაცხადა ობამამ.
“ატლანტიკის” ჟურნალისტის თქმით, ობამა 2008 წელს პუტინის მიერ საქართველოში შეჭრას გულისხმობდა.