საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” გუნდის განცხადება

128
“ინტერპრესნიუსი” განცხადებას ავცრცელებს”
“ჩვენ, “ინტერპრესნიუსის” გუნდი ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად სანდო, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას.
ვამაყობთ, რომ ვმუშაობთ “ინტერპრესნიუსში”, რომელიც საქართველოში ყველაზე გავლენიანი და დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოა.ჩასაფრებული და ანგაჟირებული მედიასაშუალებები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ გავავრცელეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო – კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
ხაზს ვუსვამთ, რომ “ინტერპრესნიუსმა” ვიდეოს შესახებ შეიტყო სოციალურ ქსელ “ფეისბუქით”, სადაც მასალის შესახებ საუბარი იმ დროს უკვე აქტიურად მიმდინარეობდა.
ჩვენ არ გაგვივრცელებია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, თუმცა საიტზე ინფორმაციის რამდენიმე წუთით განთავსებისას, სამწუხაროდ მივუთითეთ მისი დასახელება. ეს იყო შეცდომა, რასაც ჩვენ ვაღიარებთ და ძალიან განვიცდით. ასეთი განცხადება არ შეესაბამება “ინტერპრესნიუსის” სტატუსსა და იმიჯს. სწორედ ამ შეცდომის გამო მოუხდა საპასუხისმგებლო თანამდებობიდან წასვლა ჩვენს რედაქტორს.
იმედი გვაქვს სხვებიც, ვინც ჩვენთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანისას აჩქარდა, ასევე აღიარებენ თავიანთ შეცდომას.
“ინტერპრესნიუსს” განვლილ წლებში ფარულ თუ აშკარა ბოიკოტს არაერთი სახელმწიფო უწყება უცხადებდა, თუმცა ყველა ბოიკოტს გავუძელით.
სხვადასხვა ხელისუფლების დროს, ყველაზე რთულ პირობებშიც კი, ჩვენ არასდროს გვიღალატია იმ მთავარი ღირებულებისთვის, რასაც ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელება ჰქვია.
ჩვენ არ გავურბივართ საკუთარ პასუხისმგებლობას, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და სხვაზე ხელის შეწმენდით და პოპულისტური ქმედებებით ქულების დაწერას ძალზე ხანმოკლე ეფექტი აქვს.
დღესაც და ხვალაც ჩვენ ერთ გუნდად შეკრული ვრჩებით. “ინტერპრესნიუსის” გუნდი არ დაუტოვებია არც ერთ თანამშრომელს, გარდა ერთი შტატგარეშე კორესპონდენტისა და არც არავინ აპირებს ამის გაკეთებას.
გპირდებით, რომ კიდევ უფრო ძლიერები გამოვალთ შავი პიარის ამ აგორებული ტალღიდან და საქართველოში ისევ ყველაზე გავლენიან საინფორმაციო სააგენტოდ დავრჩებით.”