ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაღუპვის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩოში ამ ეტაპზე ინფორმაცია არ შესულა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
მათივე განმარტებით, უწყება თურქეთში ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენელს რამდეჯერმე ესაუბრა.
“თურქეთში ჩვენს ელჩს რამდეჯერმე ვესაუბრეთ. ინფორმაციით, რომელიც ამ დროისთვის არსებობს, ოფიციალური ანკარის მხრიდან მომხდარს რაიმე კვალიფიკაცია ჯერ არ მისცემია. რაც იქაური პრესისგან ვიცით არის ის, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულია 27-მდე და დაჭრილია 75-მდე ადამიანი. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებს, ამ ეტაპზე საელჩოში არც დაღუპულებისა და არც დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. საელჩო და საკონსულო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. როგორც კი დამატებითი ინფორმაცია გვექნება, შევძლებთ მივაწოდოთ საზოგადოებას”, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.