ლავან გაჩეჩილაძე შპს “სტუდია მაესტროს” თანამშრომლებს შეხვდა

44

შპს “სტუდია მაესტროს” თანამშრომლებმა არხის გენერალურ დირექტორ ლევან გაჩეჩილაძეს მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ შპს “სტუდია მაესტროს” თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ბაია გადაბაძის მხრიდან მათზე ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, რასთან დაკავშირებითაც ისინი აპირებენ შეაგროვონ ხელმოწერები და დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართონ.

შპს “სტუდია მაესტროს” თანამშრომლებმა ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს და განაცხადეს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება და მათ ანაზღაურების მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ.

როგორც “მაესტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნელი ბეგიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულად მასზე ბაია გადაბაძის მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, როდესაც მას “მაესტროში” შესვლა აეკრძალა, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღის ვადა მიეცა.

“ბაია გადაბაძემ ამიკრძალა “მაესტროში” შესვლა და მომცა მოსაფიქრებლად 10 დღე ვადა. მაგრამ ამ 10 დღეში მე არ უნდა გამოვცხადებულიყავი “მაესტროში”. მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ეს იყო ჩემზე ძალადობა და მან მე მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ლევან გაჩეჩილაძეს და მან დახმარება აღმიქვა. მე მინდა მქონდეს სამუშაო პირობები, რაშიც ბაია გადაბაძე ხელს მიშლის”, – განაცხადა ნელი ბეგიაშვილმა.