“სტუდია მაესტროს” დამფუძნებელი – მე არ წარმოვადგენ არც ერთ მხარეს, ამიტომ ვთავაზობ დაპირისპირებულ მხარეებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

41

შპს “სტუდია მაესტროს” დამფუძნებელი ეკა აკობია ტელეკომპანია “მაესტროს” დავაში მონაწილე პირებს “მაესტროს” გადასარჩენად მოლაპარაკებებს სთავაზობს .

როგორც ეკა აკობიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა “მაესტროს” იმიჯი საგრძნობლად დააზარალა. მისივე თქმით, სწორედ იმიტომ, რომ ის არ წარმოადგენს არც ერთ მხარეს, გამოდის ინიციატივით, მხარეებმა დაპირისპირება “ცისფერი ეკრანებიდან” გადაიტანონ კაბინეტებში და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.

“მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე “მაესტრო” და ვიზრუნე იმაზე, რომ ამ ტელეკომპანიას შექმნოდა იმიჯი. ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ეს იმიჯი საგრძნობლად დააზიანა. დღეს დადგა დრო, რომ მხარეებმა, რომლებიც მონაწილეობენ დავაში, რომლებიც “მაესტროს” იმიჯს ბღალავენ, შეურაცხყოფენ, დასვან წერტილი.

ვფიქრობ, დადგა დრო, მედიამფლობელებმა გაიხსენონ, რომ მედია არ არის ჩხუბის ტირაჟირების ადგილი. ჩვენგან მაყურებელი ელის დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციას. ეს არ არის მფლობელთა ჩხუბის პოლიგონი.

მე არ წარმოვადგენ არც ერთ მხარეს, არც მაკა ასათიანის და არც გია გაჩეჩილაძის მხარეს და ამ დავაში ნეიტრალური ადგილი მიჭირავს. ამიტომაც, ვთავაზობ ორივე მხარეს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დროა ყველანაირი კონფლიქტი გადაიტანონ კაბინეტურ სიტუაციაში და არა ცისფერ ეკრანებზე გამოიტანონ.

მე ვიღებ ვალდებულებას და ამას შევასრულებ, დაველაპარაკო ორივე მხარეს. მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, რომ მათ იმუშავონ ჯანსაღ გარემოში. ყველა მფლობელმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და თანამშრომლებს და ჟურნალისტებს მოექცეს როგორც ნამდვილ ადამიანებს და არა როგორც ხორცს, რომელსაც ბრძოლისთვის იყენებენ. ეს არის ბოლო შანსი”, – განაცხადა ეკა აკობიამ.