მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

36

ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლები – მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. ამასთან დაკავშირებით ასათიანი და გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

შეთანხმების მიხედვით, სახელწოდება “მაესტრო” და ლოგო ეკრანზე დაბრუნდება, ასევე მხარეები მოლაპარაკებების დასრულებამდე შეწყვეტენ საჯარო განცხადებებს, ერთობლივად მოხდება ტოპ მენეჯმენტის ფორმირება და ფინანსური ვალდებულების უზრუნველყოფა, გარდა ამისა მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნებიან ორივე მხარის წარმომადგენლები.

“მიუხედავად რამდენიმეთვიანი დაპირისპირებისა, “მაესტროს” დამფუძნებლები შევთანხმდით შემდეგ საკითხებზე:

1. ლოგო და სახელი დაუბრუნდეს ეთერს;
2. მხარეებმა შეწყვიტონ საჯარო განცხადებების გაკეთება მოლაპარაკების დასრულებამდე;
3. მოლაპარაკების პერიოდში ვიწყებთ კონსულტაციას ტოპ მენეჯმენტის ერთობლივად ფორმირებაზე;
4. უმოკლეს ვადაში მოხდეს მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა;
5. მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნოს ორივე მხარის წარმომადგენელი, ყოფილი ფინანსური დირექტორი- თემურ გაჩეჩილაძე და გია გაჩეჩილაძის ფინანსური კონსულტანტი- ზვიად ზუბიაშვილი.

იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩიხში არ შევა და ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და კეთილგონიერებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავას არ გადაჰყვეს ტელევიზია და რაც მთავარია თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უწყვეტ მაუწყებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.