თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებს შორის საუბარი იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. თბილისის მერმა კახა კალაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
„გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო არეალი, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. დედაქალაქში გამტარუნარიანობის თვალსაზრისით ეს საკმაოდ პრობლემური ადგილია, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია. ასევე, გარე განათების ქსელის მოწყობა LED ლამპიონებით. უკვე მიმდინარეობს სადენების მიწის ქვემოთ ჩატანა. ასევე, უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლითაც საავტომობილო მოძრაობა დარეგულირდება. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტი, დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში იწარმოებს.