ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალეს, რომ შეხვედრაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყონ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სახელმწიფოების მეთაურები გუშინ გამართული სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ისინი კონტაქტს გააგრძელებენ, აქცენტს შეხვედრაზე გააკეთებენ და ასევე, შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით მუშაობის დასაწყებად შესაბამის თანაშემწეებს ინსტრუქციებს დაუყოვნებლივ მისცემენ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დეტალები მისი ორგანიზების შემდეგ გახდება ცნობილი.

„დეტალები ჯერ კიდევ დასამუშავებელია. მუშაობა, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად დაიწყება“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათ უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ენერგეტიკისა და მთელი რიგი სხვა საკითხები განიხილეს. ასევე, მხარეები კონტაქტების გაგრძელებისა და შეხვედრის ორგანიზების შესახებ შეთანხმდნენ.