დღეს გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება. სამდღიან კონფერენციაზე დაგეგმილია მსოფლიოს 60-მდე ლიდერის შეკრება.
როგორც მოსალოდნელია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.
როგორც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ვებგვერდზეა აღნიშნული, ღონისძიება იმართება ცვლილებების გარდამტეხ მომენტში, როდესაც იანვარში აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, ბრიუსელში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ახალი ციკლი იწყება და კონფერენციიდან ერთ კვირაში გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.
კონფერენციის პირველ დღეს მთავარი პროგრამა ფოკუსირებული იქნება გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, გლობალური მმართველობის, დემოკრატიული მედეგობის, კლიმატური უსაფრთხოებისა და სხვა საკითხებზე. შაბათს დებატები შეეხება საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობას, რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებს, ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალს. კვირას, კონფერენციის დასკვნით დღეს გაიმართება მსჯელობა მსოფლიოში ევროპის როლთან დაკავშირებით.
შაბათს გაიმართება დებატები საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობაზე, ასევე რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე. ყურადღება გამახვილდება ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალზე.
კვირას კი კონფერენცია მსოფლიოში ევროპის როლზე დისკუსიებით დასრულდება.
ღონისძიების დახურვის წინ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრისტოფ ჰოისგენისგან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეობას გადაიბარებს.