დიდთოვლობა მაღალმთიან რეგიონებში. შეზღუდვები ვრცელდება გომბორზე. გზის პრობლემურ მონაკვეთზე ტექნიკური მარილი იყრება თუმცა, უამინდობის გამო, მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა დაშვებული.
ინტენსიურმა თოვამ კახეთის რეგიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. შეჩერებული იყო მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, თუმცა, ამ დროისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა თითქმის ყველგან აღდგენილია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდებაც.
ყველაზე რთული ვითარება თელავის მუნიციპალიტეტში იყო, თუმცა, ინტენსიური სამუშაოების ჩატარების შედეგად, გზები გაიწმინდა და ამ დროისთვის, გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.
დიდთოვლობაა გურიაში. ამის გამო უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
რაც შეეხება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ57 მონაკვეთს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.