1963 წლის 22 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის მკვლელობამდე 25 წუთით ადრე, ბრიტანულ გამოცემა კემბრიჯ ნიუსში ანონიმური ზარი განხორციელდა, რომელიც კორესპონდენტს შტატებში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, ლონდონში მდებარე აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებას ურჩევდა. მაშინ ამ ზარისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. სულ რამდენიმე წუთში კი დალასში, პრეზიდენტ ჯონ კენედის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს.
ნოემბრის იმ მზიან დილას პრეზიდენტის თავახდილ ლიმუზინს მოტოციკლეტისტთა კორტეჟი დილი-პლაზას გავლით მიუძღვებოდა დალასის სავაჭრო ცენტრისკენ, სადაც სადღესასწაულო ბანკეტი უნდა გამართულიყო. კორტეჟი ნელა მიემართებოდა. ლიმუზინის უკანა სავარძელზე პრეზიდენტი კენედი და მისი მეუღლე ჟაკლინი ისხდნენ, წინ კი ტეხასის გუბერნატორი ჯონ კონელი და მისი მეუღლე ნელი. ქუჩის ორივე მხარეს შეკრებილი ხალხი პრეზიდენტს ესალმებოდა.
როცა ლიმუზინმა ჰიუსტონ-სტრიტზე შეუხვია და იქვე მდებარე სკოლის ბიბლიოთეკის საცავს ჩაუარა, რამდენიმე გასროლა გაისმა. პრეზიდენტმა ყელზე იტაცა ხელი და მარცხნივ, მეუღლისკენ გადავარდა. გუბერნატორი კონელიც დაიჭრა და გონება დაკარგა. როცა საიდუმლო სამსახურის აგენტი პრეზიდენტსა და პირველ ლედის გადაეფარა და ეს მხოლოდ მეორე გასროლის შემდეგ მოახერხა, ლიმუზინმა სიჩქარეს უმატა და პრეზიდენტი პარკლენდის მემორიალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს – ჰოსპიტალში მიყვანიდან ნახევარ საათში ჯონ ფიცჯერალდ კენედი გარდაიცვალა.
დალასის პოლიციის ოფიცრებმა კი თვითმხილველთა დაკითხვა და წიგნსაცავის დათვალიერება დაიწყეს : ნახეს ფანჯარა, რომელიც დილი-პლაზას გადაჰყურებს და საიდანაც მკვლელი ისროდა, იპოვეს სამი მასრა და ჩანთა. იქვე, კიბესთან ახლოს, ყუთების უკან კი ჩამალული იყო 6,5 მმ-იანი “კარკანოს” კარაბინი. სასამართლო ექსპერტიზამ თითებისა და ხელისგულის ანაბეჭდები აღმოაჩინა – ყველა მათგანი ლი ჰარვი ოსვალდის ანაბეჭდებს დაემთხვა.
ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ სავარაუდო დამნაშავე ლი ჰარვი ოსვალდი დააპატიმრეს, ოღონდ თავდაპირველად პოლიციის ოფიცერ ჯ. დ. ტიპიტის მკვლელობისათვის. ოფიცერმა პრეზიდენტის მკვლელობიდან სულ ცოტა ხანში ქუჩაში მიმავალი ოსვალდი შემთხვევით გააჩერა.
საქმეში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ გამომძიებლები. ჯონ ედგარ ჰუვერმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს გენერალურმა დირექტორმა, იუსტიციის მინისტრ რობერტ კენედის, პრეზიდენტის ძმას, კონფიდენციალურ სატელეფონო საუბარში მიანიშნა, რომ მკვლელი იყო ყოფილი მეზღვაური, საბჭოთა კავშირის მომხრე, რომელსაც ცოლად რუსი ქალი ჰყავდა. ამასთან, ფიდელ კასტროს თავგამოდებული ქომაგიც. 16 საათზე თეთრი სახლის კომუნიკაციის ცენტრის სიტუაციათა ოთახიდან ახალ ფიცდადებულ პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს შეატყობინეს, რომ მკვლელობა ერთმა პირმა ჩაიდინა და შეთქმულების ვერსია გამოირიცხა.
ბურუსით მოცული მკვლელობის დეტალები ნახევარი საუკუნის განმავლობაში მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საბუთებს გრიფით საიდუმლო სტატუსი მოხსნა და მათი დიდი ნაწილი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტის მკვლელობას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა და ოსვალდი მემარცხენე ფანატიკოსი იყო, რასაც ადასტურებდა კიდეც, მაშინ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო, მაგრამ ოსვალდი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა და თავს “სიცრუის მსხვერპლს” უწოდებდა. როდესაც მას ღამის კლუბის მეპატრონემ ჯეკ რუბიმ ესროლა, ოსვალდმა რეპორტიორებს დაუყვირა: “მე მსხვერპლი ვარ!”