ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა.

ვენეციის კომისიის გადაუდებელი დასკვნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა მოითხოვა.

კომისიის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ცვლილებები დაჩქარებულად მიიღო, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, რის გამოც პროცესი ფუნდამენტურად ნაკლულად შეიძლება ჩაითვალოს.

“საკანონმდებლო პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ კანონები დაჩქარებულად, დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე არის მიღებული. ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით კი პოლარიზებული არჩევნების შემდეგ დაწყებული მასშტაბური პოლიტიკური აქციების ფართო კონტექსტში. არანაირი ინდიკატორი არ არსებობს, რომ ზიანის გაზომვა მოხდა რათა შეფასებულიყო ან გამართლებულიყო იმ მსხვილი შესწორებების პროპორციულობა, რაც ორ ეტაპად გატარდა. შესაბამისად, საკანონმდებლო პროცესი შეიძლება ჩაითვალოს ფუნდამენტურად ნაკლულად” – წერია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცვლილებები ბუნდოვანია, რაც კანონების ბოროტად გამოყენების საშუალებას იძლევა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ შეტანილი ცვლილებები უამრავ ბუნდოვან და ფართოდ ფორმულირებულ დებულებებს შეიცავს, რაც ხელისუფლებას მათი გამოყენებისას ზედმეტად ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს.

„ეს საკანონმდებლო ჩარჩოს პროგნოზირებადობას ძირს უთხრის და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისას სამართლებრივ მდგრადობას არღვევს. საკანონმდებლო ჩარჩოში გამჭვირვალობის ნაკლებობა ბოროტად გამოყენების რისკს ზრდის“, – აღნიშნულია დასკვნაში.

კომისიის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებში სხვადასხვა შემაკავებელი ზომების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა სათანადოდ არ იყო დასაბუთებული.