სასამართლომ ,,ერთიანობა-ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე სამართალდარმღვევად ცნო და მას 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

,,შს სამინისტროს ორი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. სატელევიზიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოდიოდა სიტყვით, ასევე შს სამინისტროს წარმომადგენლები ჩემს ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, სადაც საპატრულო პოლიციას აქტიურობისკენ მოვუწოდებდი“,-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ცნობისთვის, ხატია დეკანოიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ იმას, რომ 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.