ვენეციის კომისია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს.
„მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ევროპული სტანდარტები ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებისთვის კონკრეტულ საარჩევნო სისტემას არ განსაზღვრავს, ეს ცვლილებები, უფრო ფართო კონტექსტში განხილვისას, პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას ხელს არ უწყობს. უფრო მეტიც, მათ შეიძლება ძირი გამოუთხარონ საარჩევნო უფლების თანასწორობის პრინციპს, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში ხმის მიცემის უფლებამოსილების სამართლიან განაწილებასა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები ასეთია:
- გაუქმდეს 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებები.
- საარჩევნო ოლქების საზღვრების განსაზღვრა უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული საარჩევნო კოდექსის დონეზე, მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე.
- ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, ოლქების საზღვრების გადახედვისა და განსაზღვრის პასუხისმგებლობა უნდა გადაეცეს დამოუკიდებელ ორგანოს.
- საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი მომავალი ცვლილება განხორციელდეს ფართო და ყოვლისმომცველი რეფორმის ფარგლებში და არა ცალკეული, ფრაგმენტული ცვლილებების გზით. რეფორმა უნდა ეფუძნებოდეს საარჩევნო სისტემის სრულ და სისტემურ მიმოხილვას და უზრუნველყოფდეს სტაბილურობის პრინციპის დაცვას.
- ასეთი ყოვლისმომცველი მიმოხილვა უნდა დაეფუძნოს მკაფიო, დეტალურ და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს, მოიცავს წინასწარ რეკომენდაციებსა და ფართო კონსულტაციებს და სრულად ხორციელდება კეთილსინდისიერად. აუცილებელია, რომ არსებობდეს სათანადო პროცედურული და სასამართლო გარანტიები, ასევე მექანიზმები, რაც საშუალებას მისცემს დროულად შეფასდეს ნებისმიერი დარღვევა ან არასათანადო შესრულება.