1861 წლის მარტიდან 1865 წლის აპრილამდე ამერიკის შეერთებულ შტატებს სათავეში ედგა რიგით მეთექვსმეტე პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი. ისტორიკოსების ცნობით ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში — ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. სწორი პოლიტიკის წყალობით მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება.
ლინკოლნი იყო თვითნასწავლი ადვოკატი. 1830-იან წლებში იყო ვიგების პარტიის ლიდერი და ილინოისის საკანონმდებლო ორგანოს წევრი, ასევე 1 ვადით 1847-1849 წლებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი.
ცნობილია , რომ ლინკოლნს ორჯერ ჰქონდა აშშ-ის სენატში არჩევის წარუმატებელი მცდელობა. როგორც მონობის წინააღმდეგ აქტიურმა მებრძოლმა, მან რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნები მოიგო 1860 წელს.
სამოქალაქო ომის დროს ის პირადად წარმართავდა საომარ მოქმედებებს კონფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც იუნიონის გამარჯვებით დასრულდა. ლინკოლნი მთელი ომის განმავლობაში წარმატებით ცდილობდა არ დაეშვა დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ინტერვენცია. მან გაატარა ღონისძიებები, რომლებმაც გამოიწვია მონათმფლობელობის გაუქმება.1863 წელს გამოსცა ემანსიპაციის პროკლამაცია , რომელიც კონსტიტუციის მე-13 შესწორებით განმტკიცდა. 1864 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.
სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების კაპიტულაციიდან მეხუთე დღეს, 1865 წლის 14 აპრილს, იგი სამხრეთელთა მხარდამჭერმა ჯონ ბუთმა სასიკვდილოდ დაჭრა. ლინკოლნი მეორე დღეს დილით გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ მკვლელი ჯონ უილკ ბუთი თანამოაზრე დევიდ ჰეროლდთან ერთად სამხრეთ მერილენდისკენ გაემგზავრა.
ისინი ექიმ სემუელ მადის ოჯახში დაბინავდნენ, რომელიც ბუთს მოტეხილ ფეხზე მკურნალობდა.
26 აპრილს კი სამთავრობო ჯარებმა ვირჯინიაში ფერმას შემოავლეს წრე სადაც ბუთი და ჰეროლდი იმალებოდნენ. შეიარაღებული შეტაკების დროს ბუთი ყელის არეში დაიჭრა.
ნაგებობის დატოვების დროს ბუთი ცოცხალი იყო, სამი საათის შემდეგ საკუთარ ხელებს დაშტერებული ბუთი მის უკანასკნელ სიტყვებს სკანდირებდა: ‘’უსარგებლო, უსარგებლო.’’
ბუთის ოთხი თანამზრახველი ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასაჯეს. განაჩენი 1865 წლის 7 ივლისს აღსრულდა, მათ შორის იყო პირველი ქალი რომელიც ფედერალურმა მთავრობამ სიკვდილით დასაჯა მერი სურატი. სწორედ მასთან ხვდებოდნენ შეთქმულები ერთმანეთს დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე.
აშშ-ის ოთხ მოკლულ პრეზიდენტს შორის ლინკოლნი პირველი იყო. ლინკოლნი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული. მისი პორტრეტი 5 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.