მიანმარში ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ამის მიზეზი ძლიერი მიწისძვრებია.
ქვეყანაში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგის ჩრდილო-დასავლეთით 16 კმ-ში დაფიქსირდა, მეორის კი – საგაინგიდან სამხრეთით 18 კილომეტრში.
მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. მაშველები მშენებლობაზე დასაქმებულ 43 მუშას ეძებენ.