“ როცა ერთი მხრივ ამბობ, რომ არანაირ არჩევნებს არ აღიარებ და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ, მაგრამ მეორე მხრივ, არჩევნების პროცედურებზე შენიშვნები გაქვს, ეს აჩვენებს, რომ ისინი კვლავ დაკავებულები არიან საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებით,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ცესკო-ს გადაწყვეტილებები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს ემყარება, რაც არაერთხელ დადასტურდა. ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ კვლავ მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე.

შეგახსენებთ, ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.