“პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ, რა მდგომარეობაში უნდა იყოს? [ირაკლი დგებუაძეს] სახე ჰქონდა გაწითლებული , “ – ამის შესახებ პოლიციელმა, გიორგი ბჟალავამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მოწმის სახით გამოკითხული პოლიციელი აღნიშნავს, ირაკლი დგებუაძე მომხდარი ფაქტიდან 15 წუთის შემდეგ ნახა. „შენობაში შევხვდი მას. რა მდგომარეობაში უნდა იყოს, პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ, რა მდგომარეობაში უნდა იყოს? სახე ჰქონდა გაწითლებული. დაახლოებით, მომხდარი ფაქტიდან 10-15 წუთში ვნახე. ის ქურთუკი ეცვა, რაც დანაშაულის ჩადენის მომენტში“,- აღნიშნა ბჟალავამ. ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, პროკურატურამ საქმეში არსებული მოწმეები წარმოადგინა. მათ შორის მზია ამაღლობელის საქმის გამომძიებლები ლევან გოგმაჩაძე და გურამ დიასამიძე. სასამართლოს სხდომაზე, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალის წარდგენა და განხილვა მოხდა.