დღეს საგამოძიებო კომისიამ მუშაობა განაახლა. კომისიის სხდომაზე დაბარებული იყო პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც 12 საათზე გამოცხადდა პარლამეტის შენობაში. დაკითხვა შეეხება 20 ივნისის საქმეს და გიორგი გახარიას შსს და პრემიერ-მინიტრობის პერიოდს. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ყოფილ პრემიერს უკვე დაუსვეს 20 ივნისის ღამეს გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს შეეხებოდა. კითხვაზე პასუხისას პოლიტიკოსმა განაცხადა:„პოლიციის შესახებ კანონის“ შესაბამისად, ყველა პოლიციელს ჰქონდა უფლება რეზინის ტყვიების გამოყენების თვითმოგერიების რეჟიმში – არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია.”

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კი შს ყოფილ მინისტრს მიმართა: „ბატონო გიორგი, ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები. გისვამთ კითხვებს. თქვენი ხელმძღვანელობის დროს მოხდა და გაგვეცით პასუხი“, – მიმართა წულუკიანმა, რაზეც გახარიამ ასე უპასუხა:

„ყველა ინტერვიუში, ოფიციალურ ჩვენებაშიც ნათქვამი მაქვს, რომ სრული პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემზე. რაც შეეხება მცდელობას, მე ვითომ პოლიციელს რამე დავაბრალე – არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია. ყველა პოლიციელს „პოლიციის შესახებ კანონის“ შესაბამისად, ჰქონდა უფლება რეზინის ტყვიების გამოყენების თვითმოგერიების რეჟიმში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ ცდილობთ, რომ მე პოლიციელებს რამე დავაბრალო. მე პოლიციელებს კი არ ვაბრალებდი რამეს, ყოველთვის ვიცავი და სწორედ ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ ამ ღონისძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე. რაც შეეხება ბრძანებას – ბრძანებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ აგრესიული და შტურმში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება, რა თქმა უნდა, მე გავეცი. ამას ხომ ვამბობდი და ყოველთვის ვიმეორებ. დიახ, მე გავეცი. პოლიციელებს, რომლებმაც გამოიყენეს ეს რეზინის ტყვიები, მათ „პოლიციის კანონის“ შესაბამისად, სრული უფლება ჰქონდათ ამ რეზინის ტყვიების გამოყენების. არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია. ორი სხვადასხვა განზომილება არსებობს – რეზინის ტყვიების გამოყენება მოგერიების რეჟიმში და რეზინის ტყვიების გამოყენება აქციის დაშლის კონტექსტში,“ – განაცხადა გახარიამ.