საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებას გამოეხმაურა. გალუზინის განცხადებით მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა „მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება სცადა“ და ახლა, საქართველოში, სააკაშვილის რეჟიმი ამის გამო ყველაზე მკაცრ კრიტიკას განიცდის.

გალუზინის თქმით, გასული წლის შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს ხელმძღვანელობამ ძალიან „გონივრული განცხადებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ“.

საკითხზე ს აუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია.

„როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამიტომ, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რა არის ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას. ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ზუსტად ამას. სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ერთადერთი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის ერთადერთი ბარიერი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე. ამ ბარიერის მოხსნა ხელეწიფება თავად რუსეთს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.