„სეპარატისტული რეჟიმის ახალმა მინისტრმა ამ განცხადებით განსაზღვრა ის პოლიტიკა, რომელიც გატარდება საქართველოსთან მიმართებით. დაიწყება ზეწოლა ქართულ სახელმწიფოზე, რასაც მიანიშნებს მოთხოვნა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმებაზე, ასევე ჟენევის ფორმატში თავდაუსხმელობის აქტის ხელმოწერა. სეპარატისტული რეჟიმის მსგავსი თავხედური განცხადებები არის შედეგი იმ დათმობითი პოლიტიკის, რაც გვაქვს ბოლო წლებში.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს მკვეთრი რეაგირება სეპარატისტული რეჟიმის ამგვარ განცხადებებზე. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამ დათმობს, რადგან ყველასთვის ცხადია, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება ნიშნავს, რომ ჩვენი ტერიტორიები არ არის ოკუპირებული და ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთს, პოზიციების დაფიქსირება უნდა მოხდეს არა მხოლოდ დახურულ კარს მიღმა, არამედ საჯაროდაც.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაპირისპირების ნაცვლად, რაც გვაქვს ბოლო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებთან, მოიპოვოს მათი სრული მხარდაჭერა. მკვეთრად დაფიქსირდეს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჩვენი პოზიციები, რომ რუსეთი სეპარატისტებთან ერთად აწარმოებს ზეწოლას საქართველოს სახელმწიფოზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას სამართლებრივი ბაზა შემდგომში ანექსიისთვის, სწორედ ამას ემსახურება სეპარატისტების ბოლო განცხადებები, რაც სახიფათო ნაბიჯებია ჩვენთვის“, -ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს და საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტსაც ხელი უნდა მოაწეროს.