„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში.

სამივე უწყებასთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, რომლებიც ეხებოდა თანამშრომლობის პერსპექტივებს, ძირითადად, მომავალ გეგმას, რომელიც უნდა განვახორციელოთ ერთობლივად, ინტენსიური ჩართულობით. თანამშრომლობის ბევრი საკითხი დავფარეთ, მათ შორის, ვისაუბრეთ ვაჭრობის წახალისებასა და ახალ ინიციატივებზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე, დაფინანსების საკითხებზე, ასევე ამერიკის ჩართულობაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომლებიც გაგვაჩნია. საუბარი შეეხო სანქციების აღსრულების კუთხით არსებულ თანამშრომლობასაც, აგრეთვე განვიხილეთ მომავალი გეგმები, რომლებიც, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის,”-ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა,ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ცნობისთვის,საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ლევან დავითაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე,ჯოშუა ჰაკს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა,რომლის ფარგლებშიც,მხარეებმა ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილეს.