„ვრცელდება სხვადასხვა სიუჟეტი, რასაც მოჰყვა პუტინის, დუგინის და გავრილოვის ფანების ჟრიამული რუსულ სივრცეებში. თურმე არაფორმალურ დაჯგუფებებს ვქმნი და ვაწყობ მაიდანს საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს სიუჟეტი, რომელიც მოსკოვში, პუტინის მთავარ არხზე გავიდა, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი, შეიძლება ითქვას სრულიად საწინააღმდეგოზეც კი. საუბარია გასული წლის ნოემბერ – დეკემბერში, აქციების მიმდინარეობის დროს ე.წ. „ტიტუშკების“ მიერ არაფორმალური, შეიარაღებული, ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში, ადამიანთა წამებაში, არასათანადო მოპყრობაში და ეს უკანონობა გრძელდებოდა დღეების განმავლობაში. 500-ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული, მათ შორის ამ ბანდიტების მხრიდან. 50-ზე მეტი ადამიანი დღემდე რჩება საპყრობილეში და სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობ, რომ სწორედ ხელისუფლება უწყობდა ხელს ამ ჯგუფების პარპაშს, მათ საქმიანობას და სწორედ ეს შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ხელისუფლების მიერ დასმულნი. სწორედ ამ ძალებზეა საუბარი, რაც დამონტაჟებულ მასალაში სულ სხვანაირად არის წარმოდგენილი.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივ რუსული პროპაგანდაა და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებს აღნიშნულ მესიჯებს. ამაში ასევე, მათ ეხმარება პროპაგანდისტული მედია და მარტივად იმეორებენ რუსულ პროპაგანდას. სრულად ენდვნენ პუტინის ტელევიზიის ნარატივს. წარმოიდგინეთ, ოკუპანტის მთავარი არხი ავრცელებს მასალას, დაჩეხილ-დამონტაჟებულ, ფალსიფიცირებულ მასალას, არავის გასჩენია კითხვა იქნებ ეს არის მონტაჟი? სამწუხაროა ის, რომ ქართული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ასევე იმეორებენ რუსულ პროპაგანდას“,-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის,რუსულ არხზე გავიდა სიუჟეტი,რომელშიც უჩა ნანუაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.სიუჟეტის მიხედვით, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის გამო დაფინანსება უცხოეთიდან გართულებულია.