რომის პაპის ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან წმინდა პეტრეს მოედანზე გამოასვენეს, მიმდინარეობს დაკრძალვის წირვა.
შეგახსენებთ, ბაზილიკაში, მის მიმართ პატივისცემის გამოსახატად მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი იმყოფებოდნენ.
პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მივიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომლის გამოჩენასაც წმინდა პეტრეს მოედანზე აპლოდისმენტები მოჰყვა.
უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი დღეს, 26 აპრილს, რომში, შეხვდნენ ერთმანეთს.
ინფორმაცია, რომელიც წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა დასავლურ მედიაში, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა დაადასტურა.
სერჰი ნიკიფოროვმა, ზელენსკის ადმინისტრაციის პრესმდივანმა განაცხადა, რომ შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
ვატიკანში წყაროებზე დაყრდნობით Sky News-ი იუწყება, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დაკრძალვის შემდეგ.
ცერემონია ათასობით ადამიანი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან : აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი და პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა.
წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 29 ივნისით დათარიღებულ ანდერძში პაპმა ფრანცისკემ თავისი დაკრძალვის ცერემონიის ნაკლებად პომპეზურად ჩატარება დაიბარა, რათა ჩვეულებრივი ქრისტიანის დაკრძალვას დამსგავსებოდა.
2024 წლის აპრილში კი პაპების დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიის ტრადიციულად რთული, პომპეზური რიტუალებიც გაამარტივა.
ფრანცისკემდე პონტიფექსებს კრძალავდნენ სამ ერთმანეთში ჩასმულ კვიპაროსის, ტყვიისა და მუხის კუბოში.
პაპმა ფრანცისკემ უარი თქვა როგორც კუბოს საჯარო დალუქვის ცერემონიაზე, ასევე ჩასასვენებელში თავისი პონტიფიკატის დროს მოჭრილი მონეტებისა და გაწეული ღვაწლის მოკლე აღწერის ჩატანებაზე.
ანდერძის მიხედვით, ფრანცისკემ აირჩია თუთიით გაწყობილი უბრალო ხის კუბო და ითხოვა, დამარხვა არა წმინდა პეტრეს ტაძარში, არამედ რომში, სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში.