ხუთშაბათს, 15 მაისს, თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლოა პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართოს – ეს რიგით პირველი შეხვედრა იქნება 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ. უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან ანკარაში ან სტამბულში შეხვედრისთვის და რუსეთის პრეზიდენტის თანხმობას ელოდება. მოსალოდნელ შეხვედრაზე საუბრისას კრემლის პრესმდივანმა უარი თქვა რუსული დელეგაციის შემადგენლობის გამჟღავნებაზე და დასძინა, რომ პუტინი ამას მაშინ გააკეთებს , როდესაც ის “საჭიროდ ჩათვლის”. ამავე საკითხზე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს, განუცხადა რომ ვაშინგტონი არ ელის რუსული დელეგაციის შემადგენლობის გამჟღავნებას ხუთშაბათს დილამდე. ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ დონალდ ტრამპის ორი სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი, შესაძლოა სტამბოლში „დამკვირვებლების სტატუსით“ ჩავიდნენ. ასევე შესაძლებელია, მოლაპარაკებებზე თავად თეთრი სახლის ლიდერიც გამოჩნდეს; მისი გადაწყვეტილება თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებით დამოკიდებულია იმაზე, ჩავა თუ არა იქ ვლადიმერ პუტინი თურქეთში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს : „თუ პუტინი არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ის რუსეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან, ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებასაც მოითხოვს.
შედარებით ადრე, სამშაბათს შუადღისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან შეთანხმდა, რომ 15 მაისს ანკარაში შეხვედრაზე, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს დაელოდება.
„ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ერდოღანთან, რომ მასთან შეხვედრა მექნება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 15 მაისს. მოუთმენლად ველით პუტინთან შეხვედრას. იმისათვის, რომ რუსეთმა ქალაქებით მანიპულირება არ მოახდინოს და არ თქვას, რომ მზად არ არის ანკარაში ჩასასვლელად, არამედ მზადაა მხოლოდ სტამბოლში გამართოს შეხვედრა, პრეზიდენტ ერდოღანს ვუთხარი, რომ ერთად გავფრინდებით სტამბოლში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეხვედრა შედგეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის განმარტებით, მოლაპარაკებების „ნომერ პირველი“ შედეგი „უპირობო ცეცხლის შეწყვეტაა“.
„თუ მას შევხვდები, პოლიტიკური გამარჯვებით უნდა გამოვიდეთ – ცეცხლის შეწყვეტით, ყველა ტყვის გაცვლით ან მსგავსი რამით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსები არ ენდობიან უკრაინელებს და უკრაინელები – რუსებს. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.
გარდა ამისა დღესვე ცნობილი გახდა, რომ
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, სანქციების ახალი პაკეტის სამიზნეს, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ წარმოადგენს.