გამოცემა Sky News-ის ცნობით ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა,სადაც იგი თურქეთის პრეზიდენტს,რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა,რომ რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

,,ჩვენ მაღალი დონის დელეგაცია გვყავს, რუსებს კი როგორც ჩანს ბუტაფორიული. ვნახოთ, აქვთ თუ არა მათ გადაწყვეტილების მიღების მანდატი, რადგან ყველამ ვიცით რუსეთში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. ფორმატს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განვიხილავთ“, -განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დღეს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.