რუსული მედია სამართლებრივი აქტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებს,რომ რუსეთის პრეზიდენტმა,ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს.

ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება.

„მთავრობამ დაადგინოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გაცემის პროცედურა იმ პირებისთვის, რომელთა მიმართაც გადაწყვეტილება მიღებულია ამ დადგენილების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მისი გაცემის შესაძლებლობას, მათ შორის, აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე“, – წერია დოკუმენტში.

ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე რუსეთში ცხოვრობენ, შეუძლიათ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს მიმართონ.