„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი „MEGOBARI აქტის“ ინიციატორ კონგრესმენს, ჯო უილსონს და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, სენატორ უიკერსს შეხვდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც შევხვდით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, შეხვედრები გვქონდა ანალიტიკურ ცენტრებში – არაერთ კონგრესმენს, სენატორს, მათ შორის სენატორ უიკერსს შევხვდით, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, ასევე კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც არის MEGOBARI აქტის ინიციატორი. დღეს ვასრულებთ ძალიან წარმატებულ, ნაყოფიერ ვიზიტს აშშ-ში, რომელიც ემსახურება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას, მათ შორის MEGOBARI აქტის მიღებას, რომელიც უამრავ სიკეთეს სთავაზობს ქართველ ხალხს და ამ ეტაპზე ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილის, მისი გარემოცვის წინააღმდეგ, რომელიც აფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რომელიც ხელს უშლის ამერიკა-საქართველოს მეგობრობას, იმ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ჩვენ ვაშენებდით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან და რომელსაც აუცილებლად აღვადგენთ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში ერთი კვირა გაგრძელდა და როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, შეხვედრებმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, რომელიც ემსახურებოდა აშშ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენას და ქართველი ხალხის ინტერესებს.