„ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს. ისინი დაიბარეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე და არ გამოცხადდნენ, თუმცა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია. სისხლის სამართლის საქმის წიაღში მათ გირაო შეუფარდეს და აცხადებენ, რომ არ გადაიხდიან. არ გადაიხდიან გირაოს? იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა გაიზიარა, ვინც არ გადაიხადა. შესაბამისად, სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში – ევროპაში და შეერთებულ შტატებში როგორც ხდება, ზუსტად ანალოგიურად წესის, კანონისა და სასამართლო დავალების შეუსრულებლობის მიმართ სანქცირება იქნება გამოყენებული.

ეს თითიდან გამოწოვილი თემა სჭირდებათ იმისთვის, რომ შესაძლოა კვლავ ვითარების დაძაბვაზე ფიქრობენ – რომ დადგან სპექტაკლის სცენარი თუ როგორ დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლება”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გირაოს გადაუხდელობის ფაქტს გამოეხმაურა.