,2024 წელს ინფლაცია კვლავ სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა და საშუალოდ 1.1% შეადგინა. ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის მაღალი მერყეობით გამორჩეულ ფასებს გამორიცხავს, საშუალოდ 1.6 % იყო. დაბალინფლაციური გარემო ძირითადად შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ძლიერ მოთხოვნასთან ერთად ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალის გაუმჯობესებაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა და შედეგად, 2024 წელს რეალური მშპ-ის ზრდამ 9.4% შეადგინა. დამატებით, 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა, რაც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო. აქვე მინდა ვთქვა, რომ სხვა მიმართულებებით ჩვენმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, მათ შორის ფისკალურმა პოლიტიკამ, სერიოზულად შეუწყო ხელი დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ეკონომიკური ზრდა გამორჩეულად მაღალია, ამან არ წარმოქმნა დამატებითი წნეხი ფასებთან მიმართებაში და ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ამ თვალსაზრისით. არც ისე ბევრი მაგალითია ისეთი ქვეყნების, სადაც მაღალია ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ინფლაციური გარემო სტაბილურია და ინფლაცია არის დაბალი. ეს იყო ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულების ერთობლიობის შედეგი, თუმცა მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობა გამოკვეთილად დაადასტურა დაბალმა ინფლაციამ, რომელიც ფიქსირდებოდა 2024 წელს და დღემდე ვინარჩუნებთ მიზნობრივზე დაბალს ან მიზნობრივთან ახლოს,”-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.