პელოპონესის ომის მიმდინარეობის მეორე წელს უფრო ზუსტად კი ძველი წ.აღ -ით 430 წელს ათენში  მსოფლიო ისტორიაში ცნობილი უძველესი პანდემიის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. დაავადებას მოგვიანებით ისტორიკოსებმა ათენის ჭირი უწოდეს. არსებული ცნობებით ჭირი საბერძნეთში არ გაჩენილა, მანამდე დაავადებამ მოიცვა ლიბია, ეთიოპია და ეგვიპტე,  ათენის კედლები კი მოგვიანებით გადალახა, მაშინ როდესაც ქალაქი სპარტელთა ალყაში იმყოფებოდა.

პელოპონესის ომი ძველი საბერძნეთის ისტორიაში უდიდესი ომია ბერძნულ პოლისთა კავშირებს შორის. ერთმანეთს ებრძოდნენ დელოსის კავშირი სათავეში ათენით და პელოპონესის კავშირი რომელსაც მეთაურობდა  სპარტა.

ომმა მოიცვა საბერძნეთის დიდი ნაწილი და სამხრეთ იტალიისა და სიცილიის ბერძნული ქალაქები რამაც განაპირობა დაავადების უფრო ვრცელ ტერიტორიიაზე გავრცელება. ომის პარალელურად ახალმა დაავადებამ მოსახლეობის ⅓ შეიწირა, პოპულაციის საერთო რაოდენობა კი არსებული წყაროებით ძვ. წ.აღ. -ით მეხუთე საუკუნეში 250,000-300,000 ადამიანს ითვლიდა. არსებული ცნობების გათვალისწინებით ათენის ჭირი ყველაზე ლეტალური ეპიზოდი იყო კლასიკური საბერძნეთის ისტორიაში. 

დაავადების გაჩენისა და მისი მიმდინარეობის პროცესი დეტალურად აქვს აღწერილი პელოპონესის ომის ისტორიაში  ისტორიკოს თუკიდიდეს. ის წერს, რომ სიმპტომები მოიცავდა ცხელებას, წყურვილს, წყლულებს ყელისა და ენის მიდამოებში, შეწითლებულ კანსა და დაზიანებებს. ლეტალური შედეგი დაავადებულ პაციენტებში დგებოდა მეშვიდე-მეცხრე დღეს. თავდაპირველად, მას ტიპურ გრიპად მიიჩნევდნენ, თუმცა საბოლოოდ დაავადებამ მნიშვნელოვნად შეასუსტა ათენელები, რამაც სპარტელთა მიერ მათი დამარცხება განაპირობა.404 წელს ზღვიდან და ხმელეთიდან ბლოკირებულმა ათენმა კაპიტულაცია გამოაცხადა. წყაროები მოწმობენ, რომ ათენის ჭირმა იმსხვერპლა პერიკლე ათენის პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი  დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ცნობილი ორატორი  რომლის მმართველობის ხანაში ათენმა მიაღწია ეკონომიკური და კულტურული განვითარების პიკს, და მისი ორი ვაჟი.