ტერორის არსი ძალადობის საშუალებით მოწინააღმდეგეთა დაშინება-ლიკვიდირებაა. მას საფუძვლად უდევს ილუზია, რომ ტერორიზმის საშუალებით შესაძლებელია დიდი სოციალურ-პოლიტიკური იდეალების განხორციელება ან პოლიტიკური მიზანდასახულობის მიღწევა.

ისტორიას ზუსტად არ აღუნუსხავს, როდის მოხდა პირველი ტერორისტული აქტი, მაგრამ აღბეჭდა მსოფლიოში ტერორიზმის პირველი კლასიკური ნიმუში – გაიუს იულიუს კეისრის მკვლელობა. ეს მოხდა ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს. ტერორიზმის სათავეებთან მარკუს იუნიუს ბრუტუსი იდგა.

სწორედ ის გახლდათ კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორი და ერთ-ერთი მკვლელთაგანი. თუმცა ტერორისტულ აქტს მის გარდა სათავეში დაახლოებით 60 კაცი ედგა. არსებობს უძველესი გადმოცემაც, რომლის თანახმადაც კალპურნიას, კეისრის მეუღლეს დაესიზმრა ცუდი სიზმარი და დაითანხმა გაიუს იულიუს კეისარი უარი ეთქვა იმ დღეს სენატში წასვლაზე. კეისარმა ცოლს დაუჯერა, თუმცა ცრუმორწმუნე არ იყო. ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამ სხდომაზე უნდა ეღიარებინათ კეისარი მეფედ. მაგრამ კეისარს მისივე მკვლელები ესტუმრნენ სახლში, გადააფიქრებინეს სახლში დარჩენა და სენატში წაიყვანეს. შეთქმულებს ეჩქარებოდათ; 18 მარტს პართიაში გალაშქრებას აპირებდა კეისარი. გზაში, უცნობმა მას ტახტრევანში წერილი შეუგდო, სადაც მის წინააღმდეგ შეთქმულებაზე აფრთხილებდა, და თან მიაძახა “მხოლოდ შენ წაიკითხე, კეისარო, და სასწრაფოდ”. მაგრამ კეისარს ეს წერილი შეუნახავს სხვა დროს წასაკითხად. 

ძვ. წ. 44, 15 მარტს, შეთქმულებმა, რომის სენატში, პომპეუსის ქანდაკებასთან  კეისარი მოკლეს.