„მან ეს შეგნებულად დაარღვია – იცოდა პასუხისმგებლობის თაობაზე და საქმე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. კომისიას ალტერნატივაც კი არ გვაქვს, როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულია, რა თქმა უნდა, პროკურატურაში უნდა გადავაგზავნოთ. ეს ჩვენს კეთილ ნებაზეც აღარ არის დამოკიდებული. მას აღკვეთი ღონისძიებით გირაოს გადახდა შეეფარდა და ძალიან კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა გირაოს გადაუხდელობას. ეს [შედეგი] მოჰყვება მსოფლიოში ყველგან, სადაც გირაოს მექანიზმი მოქმედებს. თუ არ გადაიხდი გირაოს აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში – ანალოგიური შედეგი დადგება. ის ისევ შეგნებით აკეთებს ამას და უკვე არავის ნებაზე არ არის დამოკიდებული ის, რაც შეიძლება სასამართლომ გადაწყვიტოს. ასრულდება კანონის მოთხოვნა და ეს იქნება.

რა პოლიტიკური მოტივი აქვს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ უკვე არასერიოზულად გამოიყურება, როდესაც კანონს ასე ეთამაშება და ჰგონია, რომ ეს მას პოლიტიკურ ქულებს მატებს. არაფერს არ მატებს და პასუხსაც კანონის შესაბამისად აგებს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა,თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

ცნობისთვის, ,,კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის,ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული.

მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, თუმცა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.