„თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამ ძირითად სვეტზე დგას, ესაა თავისუფლება, თანასწორობა და მართლწესრიგი. პოლიციელთა საქმიანობა სამივე მათგანის დაცვას ემსახურება. უკანასკნელ პერიოდში თქვენ მოგიწიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა, მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, რათა დაგეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხო გარემო. შიდა თუ გარე რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ, რომ ძალადობრივი დემონსტრაციები წესად და ნორმად ექციათ, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. თქვენ კვლავ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე, მაქსიმალური მოთმინებით, დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულეთ და პროცესებიც სათანადოდ მართეთ.

ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს. ის, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, დემოკრატიის მტერია.

თქვენ სახელმწიფოს ეს ვალდებულება პირნათლად შეასრულეთ, წარმატებით გაუმკლავდით საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას და ღირსეულად დაიცავით საქართველოს სუვერენიტეტი. თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რათა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ. თქვენი საქმიანობა დაუღალავ შრომას, მოთმინებას, სიმამაცესა და თავდადებას გულისხმობს. ეს ის ძალისხმევაა, რომელიც ხშირად უხილავია, თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირებული. მინდა გავიხსენო და პატივი მივაგო იმ პოლიციელების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მშვიდი გარემოს შექმნას. მათი სიმამაცე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა პოლიციელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.