„ჩვენ მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეების „ყველა ყველას სანაცვლოდ“ გაცვლის შესახებ შევთანხმდით. მეორე კატეგორია კი 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდა სამხედროებია. ასევე, ჩვენ შევთანხმდით დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების „6000-6000-ზე“ დაბრუნების შესახებ.

მიგვაჩნია, რომ დელეგაციებს შორის შემდგომ მუშაობას აზრი აქვს, თუ მისი მიზანი ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადება იქნება. ჩვენ რუსულ მხარეს შევთავაზეთ, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა ამ თვის ბოლომდე, 20 ივნისიდან 30 ივნისამდე გაიმართოს. ეს მოლაპარაკებების პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,”-ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ რუსეთის წინადადება პირველად ნახა.

„ჩვენს გუნდებს დოკუმენტების შესასწავლად ერთი კვირა ექნებათ, ამის შემდეგ კი შემდგომი ნაბიჯების კოორდინირებას შევძლებთ“, – განაცხადა უმეროვმა.