დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 000 დრონს გადასცემს. მისი თქმით უკრაინა 359 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დრონებს 2026 წლის აპრილამდე მიიღებს.
ამასთან, ჯონ ჰილის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა იანვრის შემდეგ უკრაინას 140 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა და წელს ლონდონი უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებისთვის 247 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.
უკრაინაში არსებული მდგომარეობა განხილვის საგანია ამერიკაშიც. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა განაცხადა რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით “დამამძიმებელი” სანქციების დაწესების კანონპროექტი მზადაა.
“სანქციები საკმაოდ დამამძიმებელია, თუ შეხედავთ… 500%-იან ტარიფს ნავთობპროდუქტებზე… რუსეთი ნავთობსახელმწიფოა, ფულის დიდი ნაწილი ნავთობქიმიკატებიდან შესდით და ამას უმიზნებენ,” – დაამატა მან.
გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტი იმპორტზე 500%-იან ტარიფებს გულისხმობს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ან გაზს ყიდულობენ, თუკი რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებებს შეაფერხებს ან მომავალში უკრაინის სუვერენიტეტს ძირს გამოუთხრის.
30 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის თანაავტორი სენატორები, გრემი და ბლუმენთალი, კიევშიც ჩავიდნენ, სადაც ლინდსი გრემმა ყველა ევროპელ მოკავშირეს მოუწოდა, რომ “ნავთობის ფასი შეამცირონ, რათა პუტინის წიაღისეულის საწვავის ეკონომიკას სირთულეები შეუქმნან – გაზარდონ OPEC-ის წარმოება და ფასები შეამცირონ.”
3 ივნისს კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ძალისხმევას მხარდაჭერა გამოუცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმაც.