ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად 180-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა.

ნასერის საავადმყოფოს ცნობით, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში განხორციელებული დარტყმების შედეგად სულ მცირე 10 პალესტინელი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, დაკავშირებული იყო თუ არა დარტყმები ღამით ორი მძევლის ცხედრის ამოყვანის მისიასთან.

ჰამასის მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ანკლავის ჩრდილოეთით, ალ-აჰლის საავადმყოფოს ეზოში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, სამი ჟურნალისტი დაიღუპა. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით თავდასხმის შედეგად კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა.

ისრაელის სამხედრო ძალებში განაცხადეს, რომ ისინი ალ-აჰლიზე განხორციელებული დარტყმის შესახებ ინფორმაციას იძიებენ და ვარაუდობენ, რომ არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყონ. 

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ სამხედროების მისამართით ახორციელებენ დარტყმებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალებაში ჰამასს ადანაშაულებენ.

ნიუ-იორკში დაფუძნებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, ისრაელის სამხედრო კამპანიის დაწყებიდან 180-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ღაზაში იმყოფებოდა.

ისრაელის მხარე კი აცხადებს, რომ მისი დარტყმების დროს დაღუპულთა უმეტესობა მებრძოლი იყო, რომლებიც „რეპორტიორებად ასაღებდნენ თავს“. პალესტინელი ჟურნალისტების სინდიკატმა დაგმო ის – რასაც ისრაელის მიერ ჟურნალისტების სისტემატურ და მიზანმიმართულ თავდასხმად მოიხსენიებს.

პროფკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მიმდინარე აგრესიას ამ დროისთვის 225 ჟურნალისტისა და მედიის მუშაკის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის იყო 30 ქალი ჟურნალისტი. მათ ასევე დაადგინეს გარდაცვლილი ჟურნალისტების ვინაობა, მათ შორის იყვნენ ისმაილ ბდაიჰი, სულეიმან ჰაჯაჯი და სამირ ალ-რიფაი.

ჯგუფმა ისრაელი პალესტინელი ჟურნალისტების წინააღმდეგ „იძულებითი გაუჩინარების“ პოლიტიკის გაგრძელებაშიც დაადანაშაულა და ამის მიზეზად ორი დაკარგული რეპორტიორის – ნიდალ ალ-ვაჰიდის და ჰაითამ აბდულ-ვაჰედის – ბედის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა დაასახელა, რომელთა საქმეებსაც კავშირი „იძულებითი გაუჩინარების აშკარა შემთხვევებად“ მიიჩნევს, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

გარდა ამისა ისრაელი ბოლო დროს კრიტიკის ეპიცენტრში მოექცა ჟურნალისტების მიზანში ამოღებისა და ომის წარმოების გამო. სხვადასხვა გლობალურმა მედიასაშუალებებმა და ცნობილმა მაუწყებლებმა გააკრიტიკეს ნეთანიაჰუს მთავრობა იმის გამო, რომ არ აძლევს დამოუკიდებელ საერთაშორისო მედიას ღაზაში რეპორტაჟების ჩატარებისა და გამოძიების საშუალებას.

ისრაელში კი აცხადებენ, რომ ჟურნალისტების ანკლავში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნებს უკავშირდება და დასძენენ, რომ მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება რეგიონში შესვლის  შემდეგ.

გარდა ამისა ცნობილია, რომ სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებამ აიღო ვალდებულება, რომ საკუთარი უსაფრთხოების პროტოკოლი და ღონისძიებები უზრუნველყონ.

ბოლო პერიოდში სხვადასხვა ჯგუფმა, მათ შორის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, ისრაელის მხარეს ბრალი დასდო ფაქტების დამალვის მცდელობაში, რადგან პრესას არ აძლევს ღაზაში თავისუფლად  საკუთარი კვლევის ჩატარების და ადგილზე არსებული მდგომარეობის ჩვენების საშუალებას.

წყარო: AP, EBU, Euro News