„თუ ვინმე ამ ქვეყანას აშანტაჟებს, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც ამ ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს. მაშინ, როცა ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, როცა ყოველდღიურად პოლიტიკურ ლიდერებს აკავებენ, საქართველოს ისტორიაში, დამოუკიდებლობიდან დღემდე, ამდენი პოლიტიკური პატიმარი, ამდენი პოლიტიკური ლიდერი ქვეყანას არ ჰყოლია, ციხეში არიან პოლიტიკოსები, ახალგაზრდები. დღეს, ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, საბა ჯიქიას დაბადების დღეა, რომელიც 19 წლის გახდა, ის რეჟიმმა მხოლოდ იმიტომ გამოკეტა ციხეში, რომ ის თავისუფალი საქართველოსთვის იბრძოდა და იბრძვის. ამიტომაც, თუ ვინმე შეიძლება პასუხისმგებელი იყოს იმაზე, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ხდება, ეს არის რეჟიმი, რომელიც თავის თავს საქართველოს ხელისუფლებას ეძახის.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯები, ჩვენთვის კონკრეტული ნაბიჯები სანქციების გაფართოებაში გამოიხატება, სანქციების წრე უნდა გაიზარდოს მათ შორის, ისეთ ბევრ ადამიანზე და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებიც რეჟიმს ამაგრებენ და შესაძლებლობას აძლევენ, კიდევ უფრო რეპრესიული იყვნენ, ამიტომაც მოლოდინი გვაქვს, რომ ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნები ამ ნაბიჯებს საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიმართ გადადგამენ.
ამერიკელი სენატორები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, ევროპელები, ძალიან მკაფიოდ ამბობენ იმას, რომ საქართველოს არანაირი ხელისუფლება არ ჰყავს, რომ ეს არის რეჟიმი, რომელმაც ამ ქვეყანაში მოკლა ევროპული და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, რომელიც პირდაპირ პროპორციულია საქართველოს თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ლიდერების დაკავებასთან. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო გაგრძელდება და ასევე პოლიტიკური პარტიების აკრძალვით დასრულდება. ცხადია, ამაზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება მკაცრი პოზიცია, ეს პოზიცია გამოიხატება არამხოლოდ იმაში, რომ „MEGOBARI აქტი“ დაჩქარებული წესით იყოს საბოლოოდ მიღებული და აღსრულებაში მოვიდეს. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ველით კიდევ უფრო მძიმე სანქციებს ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებზე და არამხოლოდ, მათ შორის, იმ შუა რგოლის წარმომადგენლებზე, მოსამართლეებზე, პროკურორებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზე, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული რომ რეჟიმი გააძლიერონ და ამ რეპრესიულმა მანქანამ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ იმუშაოს. ამიტომაც, რაც უფრო მეტად დაავიწროებს რეჟიმი წრეს, მით უფრო მეტად მოლოდინი იქნება იმისა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პასუხი ძალიან მძიმე იქნება,”-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.