„გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბრიტანეთის ორგანიზებით საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც გაიმართა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით. შეხვედრაზე მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროპელებისთვის, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერები არიან, რომ ამ ადამიანებისთვის მიუღებელია ის კურსი, რა კურსიც აირჩია საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ.
ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ამ გზას, რომლითაც მიდის „ოცნება“, არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან, ეს არის დიქტატურის გაძლიერება და ამას მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები.
მსგავსი ტიპის მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება როდესაც ხდება ბრიტანელების მხრიდან, მას ყოველთვის მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ასევე ბრიტანეთის საელჩომ სპეციალური გზამკვლევი გამოაქვეყნა სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესმენებს ეხებოდათ.
ეს პროცესი დაკავშირებულია ყველაფერი იმასთან, რასაც „ოცნება“ ამ ქვეყანაში აკეთებს – საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური ლიდერების დაკავება, საქართველოს მოქალაქეების წამება, სახელმწიფო აქვთ მიტაცებული და ცხადია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება იქნება კიდევ უფრო მკაცრი.
აღსანიშნავი და საგულისხმოა ბრიტანეთის სანქციები და საფრანგეთის სანქციები, რომლებიც უშუალოდ უნდა დაეკისროს „ოცნების“ ლიდერებს და ივანიშვილს,”- ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.