„ამ ცვლილებებით საჯარო სექტორებში და მათ შორის, თვითმმართველობებში გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. რაც ყველაზე მთავარია – აღმოიფხვრება ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის ფაქტები. საერთოდ აიკრძალება, რომ რომელიმე თანამდებობის პირმა რამდენიმე საჯარო სექტორში იმუშაოს. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მდგრადობისთვის, ისე გამჭვირვალობისთვის, ანგარიშვალდებულებისთვის. ეს რეფორმები განხორციელდება ზუსტად იმ ფორმით, რაც კანონმდებელმა დააწესა,”- ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მამხილებელი შეიძლება იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.
„მთავარია, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნეს შესწავლილი და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დროულად ხდებოდეს რეაგირება. შესაბამისად, თუ საჯარო სექტორში იარსებებს მსგავსი წარმოების მექანიზმები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საჯარო მოხელის გადაწყვეტილებას კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის. ამიტომ, აქ არანაირი საფრთხე არ არის – პირიქით, საჯარო მოხელეებს ძალიან კარგად ესმით თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ასეთი ფაქტის გადამოწმებას იმისთვის რომ საჯარო სექტორში აღმოიფხვრას ნებისმიერი სისუსტე, რომელმაც შეიძლება შეიქმნას კორუფციული რისკი. ზუსტად ეს არის პრევენცია, რომ კონკრეტულ დარღვევას და დანაშაულს დავასწროთ და მანამდე მიეცეს საშუალება პრევენციას, რომ გამოასწოროს არსებული სისუსტე,”-აღნიშნავს კუპრაშვილი.