„რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ბრალად წარდგენილი მუხლი, რაც ანატოლი გიგაურს ჰქონდა გადააკვალიფიცირა. ანატოლი გიგაური არ არის თავდამსხმელი და ანატოლი გიგაური არ დასხმია თავს პოლიციელს. შესაბამისად, ბუნებრივია, ასეთ პირობებში მოსამართლე ვერ მიიჩნევდა იმას, რომ სახეზე იყო პოლიციელზე თავდასხმა.
რაც შეეხება მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ნაწილობრივ შეფასებულ იქნას, მათ შორის პოზიტიურადაც, ბუნებრივია, ჩვენ მაინც ვერ დავეთანხმებით. თვეების განმავლობაში ვამტკიცებთ იმას, რომ გიგაურმა მოქმედება განახორციელა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის ვერ იქნება შედეგი.
ბუნებრივია, 4 წელსა და 2 წელს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, ვიღაცისთვის პოზიტივია, თუმცა ჩავიბარებ განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს, რა თქმა უნდა, გიგაურთან შეთანხმებით აუცილებლად გავასაჩივრებთ,”-ამის შესახებ ანატოლი გიგაურის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.