„ამ უსამშობლოების ასეთ საქმიანობას უკვე მიჩვეული ვართ. უსამშობლოებს თავიანთი პატრონი და დირიჟორი ჰყავთ. ამ შემთხვევაში, მათი დირიჟორი IRI-ის რეგიონული ხელმძღვანელია. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ვაუწყეთ, რომ ქაოსი, დაძაბულობა, რადიკალიზაცია, ახალგაზრდების გამოყენება ისევ მოხდებოდა და ეს ყველაფერი 13 სექტემბრიდან დაიწყებოდა.

გუშინ, რუსეთიდან დაფინანსებულმა ელენე ხოშტარიამ ამ თემაზე ბრიფინგი გამართა. მისი ოჯახი რუსეთიდან ფინანსდება – ამ თემას უსირცხვილოდ მაინც არ ეშვებიან. დაიმალონ მაინც და საზოგადოებაში არ გამოჩნდნენ. რუსული ყაიდის ოპოზიცია გვყავს, რუსეთიდან ფინანსდებიან. დააანონსეს, თურმე 13 სექტემბრიდან დედაქალაქს ცეცხლის ალში გაახვევენ და პიკეტირება იქნება. ეს ემსახურება ერთ ამოცანას, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალოს და მარიონეტები დასვან, შემდეგ კი, ის კანონი და ის გადაწყვეტილებები მიაღებინონ, რაც საქართველოს ინტერესებში არ არის. არაფერი გამოუვათ, რადგან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საქართველოს ამოცანაა, მშვიდობა შეინარჩუნოს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და ეროვნული ღირებულებების უგულებელყოფა არ დაუშვას.

მშობლებს მივმართავ, ამ უსამშობლოებს თავს ნუ გამოაყენებინებენ. ბედნიერი არ ვართ, როცა სასამართლოს გარეთ მშობლები დგანან და ტირიან. თავიანთ შვილებზე უნდა ეზრუნათ, რომ იქნებ, გადაერჩინათ, რათა პოლიციელებისთვის “მოლოტოვის კოქტეილები“ არ ესროლათ. ვიდრე გვიან არ არის, შვილები მოიკითხონ – მცდელობაა, რომ უსამშობლოებმა ახალგაზრდები გადატრიალებისთვის გამოიყენონ. მათ ამზადებენ ძალადობისთვის და იმისთვის, ეს ქვეყანა როგორ ჩამოაქციონ. თავიანთი შვილები შეიცოდონ, შემდეგ გვიან იქნება.

მზად ვართ, ქვეყნის კონსტიტუცია და სახელმწიფოს ინტერესები დავიცვათ,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.