თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

ბრალდებულთაგან ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს  კი ორი წლით პატიმრობა მიესაჯათ.საქმეზე განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

სასამართლომ 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც  ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.