„პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი ან ორგანიზებული მკვლელობისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმეზე, „ნაციონალურმა მოძრაობის“ რეჟიმმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები გააყალბა, საქმის შესახებ მისთვის ხელსაყრელი ვერსია გაავრცელა ან/და განზრახ არასწორად მიმართა გამოძიების პროცესი, რის გამოც, ზოგიერთ საქმეზე დღემდე შეუძლებელია ჭეშმარიტების დადგენა. მკვლელობის ზოგიერთ საქმეზე, რეჟიმმა ვერ მოახერხა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მისთვის სასურველი ვერსიის საზოგადოებისთვის მიწოდება მოკლულთა მშობლების, ოჯახების წევრების, მეგობრების, თუ  უფლებადამცველთა აქტიურობის შედეგად.

მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები განუხრელად ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, უზრუნველყოფდნენ მათ ფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით და უფლებააყრილ მდგომარეობაში ამყოფებდნენ მოკლულთა მშობლებს, მეუღლეებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს.

ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში: საერთო ჯამში, 1999 წლიდან დღემდე, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ დარღვევა დადგენილია 284 საქმეზე, რომელთაგან, 80% (227 საქმე) ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებს. აღნიშნული 227 საქმის ფარგლებში, ყველაზე ხშირად დადგენილია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (წამების და არადამიანური მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება და საკუთრების დაცვა).

2025 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დარღვეული უფლებების გამო, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფოს მომჩივნების სასარგებლოდ დაეკისრა, ჯამში, დაახლოებით ორი მილიონი ევროს გადახდა, როგორც მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციის, ისე ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

წინამდებარე დასკვნაში აღწერილ საზარელი წამებისა და მკვლელობის არაერთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვერპლად ქცეულ, განსხვავებული აზრის ადამიანებს „ჯაშუშობას“, „რუსეთის აგენტობასა“ და „სამშობლოს ღალატს“ უსაფუძვლოდ აბრალებდა, რაც დღესაც ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების უცვლელ ხელწერად რჩება.

ზოგიერთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები შემთხვევითობის პრინციპით, ეგრეთ წოდებული ლატარეის პრინციპით ირჩევდნენ ნებისმიერ პირს მსხვერპლად ადამიანზე ძალადობის წყურვილის დაკმაყოფილების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წამოიწყო აბსურდული ბრალდებებით დაკავებების ტალღა და სასტიკი ანგარიშსწორება მათ მიმართ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და იცავდა საქართველოს, ან იმ პირების მიმართ, ვინც შეესწრო საომარ ანდა ომის შემდგომ ვითარებას და რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორე რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დააყენა. ასეთი ადმიანების მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებისთანავე სასტიკი ანგარიშსწორების პროცესი განხორციელდა. თითოეული ასეთი საქმე არის წარმოდგენილი მოცულობით დასკვნაში.

მის ხელთ არსებული ფაქტების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის გაანალიზების შედეგად, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საქართველოსა და უცხოეთში გავრცელებული ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის გამჭვირვალე შენობების აგებისა და სხვა ნოვატორული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში თითქოს შესაძლებელი გახადა პოლიციის ხელში მოხვედრილი პირის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვა, წარმოადგენდა მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდასა და მითს. წინამდებარე დასკვნაში აღწერილი საზარელი მკვლელობებისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმე დაკავშირებულია სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და მაღალჩინოსნებთან, რომლებიც, დანაშაულის ჩადენისას, მოქმედებდნენ ცალკე ან თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების სისტემის ან/და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად,”- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტში წარადგინა.