„გუშინ, ქართულმა საზოგადოებამ იხილა ე.წ. პარლამენტის მიერ გამოცემული ღალატის კომისიის დოკუმენტი, რომელმაც ალბათ, ნებისმიერი გონიერი, პატრიოტი ადამიანის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ვიცით, რომ ამ ღალატის კომისიის ამოცანაა – გაამართლოს საქართველოს მტერი, აგრესორი რუსეთი და გაამტყუნოს საქართველო, ხოლო ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გადაწეროს პუტინის სასარგებლოდ, გაამტყუნებს რა საქართველოს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, მთავრობას და ჩვენს სახელმწიფოს.

კომისიის მიზანია ჩამობანოს პუტინს ხელები და გაუხსნას ხელ-ფეხი საქართველოს საწინააღმდეგოდ სამოქმედოდ. ეს პუტინისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალა ლაპარაკობს, რომ ომი პუტინის „რაშისტულმა“ რუსეთმა კი არ დაიწყო, არამედ საქართველომ. ბუნებრივია, ეს მას მისცემს საქართველოს წინააღმდეგ დიპლომატიურ არენაზე მოქმედების და საქართველოს აქეთ დადანაშაულების შესაძლებლობას, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის მხრიდან, რომელიც უკვე მეცამეტე წელია ასრულებს პუტინის გეგმას საქართველოში.

ეს ღალატის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მოღალატური პოლიტიკის, რომელსაც ეს რეჟიმი ადგას. მისი მიზანია, საქართველო ჩამოაშოროს დასავლეთს და გახადოს რუსეთის უკანა ეზო, ეს არასდროს არ მოხდება, ამას ქართველი ხალხი არასდროს გაიზიარებს. ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, პროტესტი გაგრძელდება, ქართველი ხალხი თბილისში, სხვადასხვა ქალაქებში შეიკრიბება 13 სექტემბერს, 27 სექტემბერს და რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერს, როდესაც მოღალატეთა რეჟიმს დაგეგმილი აქვს მორიგი სპეცოპერაცია, რომ რამენაირად მათი ლეგიტიმაცია ოდნავ მაინც გაზარდოს. ყველა პატრიოტი იქნება ქუჩაში და უარს ეტყვის ამ მოღალატეთა რეჟიმს. ჩვენ მშვიდობიანად შევძლებთ, ეს რეჟიმი ისტორიულ სანაგვეზე გავუშვათ და მოვთხოვოთ პასუხი იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩაიდინეს. ამ რეჟიმის ყველა წარმომადგენელს უნდა ახსოვდეს, რომ მოუწევთ საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან მოპარული მილიონების და მილიარდების უკან დაბრუნება კვლავ საქართველოს ბიუჯეტში, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ახალი ქალაქების, სოფლების შენებას, ახალი გზები აშენდება, ახალი სკოლები, უნივერსიტეტები და საქართველო კვლავ დაადგება ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების გზას, რაც იქნება ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანად გამთლიანების გზა, რაც დააბრუნებს ემიგრანტებს თავიანთ სამშობლოში და ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ ავაშენოთ ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც იმსახურებს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი ისტორიის მქონე ერი,”-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ  პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.