„ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. ეს ბუნებრივია. ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, მგონია, ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ქვეყანამ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, პრეტენზია განაცხადა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ რადგან ეს დაბეჯითებით, მკაფიოდ ვთქვით მთელი მსოფლიოს წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდისგან, ხალხისგან იქნება მთავარი და არის ის, რომ ამ ქვეყანას ამ მიზანთან შესატყვისი და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ჰყავდეს…
მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ნორმალური ფუნქციონირება შეიძლება, თუ მას და ქვეყანას არ ექნება ამ უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული სასწავლებელი. მე არ ვსაუბრობ იმ ფორმით, რაც ვთქვათ, უშიშროების აკადემია იყო, მაგრამ მისი თანამედროვე, მოდიფიცირებული ვერსია, რომ სპეციალური ცოდნა მიიღონ უსაფრთხოების სამსახურის მომავალმა თანამშრომლებმა, აუცილებლად უნდა არსებობდეს და მე ამაზე ვიზრუნებ. ამ ხალხს სჭირდება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ თავიანთი საამაყო პროფესიული მოვალეობა პირნათლად შეასრულონ და ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არსებობდეს. ასევე, კონკრეტული პროფესიული მიმართულებით გაძლიერება, შესაბამისი ტრენინგები, თითოეული მიმართულებით დახვეწა,”- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლადარჩეულმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.