,,კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრს, საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. საბა სხვიტარიძე სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო. მოსამართლის განმარტებით, მან ჯარიმა ვერ გამოიყენა, რადგან წინა ჯარიმაც მას გადახდილი არ აქვს.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას. თუმცა, მოგვიანებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებას კვალიფიკაცია 120-ე მუხლზე შეუცვალა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.